მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ აკურაში მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულ ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულისათვის, ამ წუთებში, ბრალის დაუსწრებლად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება, ბრალის დადგენილებას ადვოკატს აცნობს.
იოსებ გოგიაშვილი, რომელმაც 21 მაისის ღამეს, სოფელ აკურაში ერთი პირი მოკლა და ორი მძიმედ დაჭრა, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა და პოლიცია მას, ამ დრომდე ეძებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდო ბრალდებულის მიმალვისა და საკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, პროკურატურას პირისათვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენის უფლება აქვს.
მამაკაცისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ მამაკაცი, რომლისთვისაც დაუსწრებლად ბრალის წარდგენა მიმდინარეობს, წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობის მომზადებისთვის არის ნასამართლევი.
მკვლელობა, თელავის მუნიცილიტეტის სოფელ აკურაში 21 მაისის ღამეს მოხდა.

მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც იოსებ გოგიაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და შემთხვევით, ჭრილობები მიაყენა საკუთარ შვილსაც.

შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული, გარდაცვლილის დედასაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button