სოფელ ძირკოკში ადმინისტრაციული ერთეული დაიკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ადმინისტრაციული ერთეული დაიკეტა.
როგორც რადიო ჰერეთს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, გოგიტა ალხაზაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი, ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირებაა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული ერთეული მუშაობას მხოლოდ ჯანდაცვის რეკომენდაციით განაახლებს.
“ამ წუთში დავკეტეთ სამსახური და ველოდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს. ეს ქალბატონი რვა დღეა, არ მინახავს, მაგრამ თავის დაზღვევა მაინც აუცილებელია. ამიტომ დაველოდებით რეკომენდაციებს და იმის მიხედვით განვაახლებთ მუშაობას”, – განაცხადა ალხაზაშვილმა.
სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელს, კორონავირუსი გურჯაანის საავადმყოფოში 14 ოქტომბერს დაუდგინეს.
ეპიდემიოლოგები მისი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს ადგენენ.
განცხადებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად, კახეთის რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების თაობაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, დღეს, მოგვიანებით გააკეთებს.