სოფელ კაბლიდან გატაცებული ქალის საქმეში ოჯახმა ადვოკატი ჩართო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული გოგონას საქმეში ოჯახმა ადვოკატი ჩართო.
ლევან კოკორაშვილი თელავის პოლიციის სამმართველოში უკვე მივიდა, სადაც გატაცებული 23 წლის ქალის ახლობლები დილიდან იმყოფებიან.
ადვოკატი განმარტავს, რომ საქმის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს და საუბარს, მხოლოდ საქმის გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ შეძლებს.
” ამ წუთში მოვედი და ჯერ გამომძიებელს უნდა შევხვდე, საქმეს გავეცნო. დარწმუნებული ვარ იპოვიან და პირველი ამოცანა ეს არის, შემდეგ კი სამართლებრივი რეაგირება ამ ფაქტზე”- განაცხადა კოკორაშვილმა.
გატაცებული გოგონას მამის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ნახეს.
ცნობილია გამტაცებელის ვინაობაც, თუმცა ჯერჯერობით, ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.
გატაცება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა.
23 წლის ქალი ოთხმა მამაკაცმა მსუბუქ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და ჯერჯერობით დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.
გამტაცებლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გოგონას ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სმართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.