მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში გრძელდება-იბომბება საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, 14 თებერვალს ღამით რუსმა სამხედროებმა ქალაქზე მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს.
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში გასულ ღამით, რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა, არიან დაღუპულები და დაჭრილები -ცხედრებს შორის 8 წლის ბავშვი და მისი დედაა. კიდევ ერთი მსხვერპლი ფეხმძიმე ქალია -იუწყებიან უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური და დონეცკის ოლქის პოლიცია.
აგრესორმა მიზანში საავადმყოფოს შენობა და საცხოვრებელი სახლები ამოიღო.
გავრცელებული ცნობებით, სროლის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება, სადაც 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა კიდევ 12 პირი. უკრაინის წარმომადგენელთა ცნობით, ნანგრევებიდან მოხერხდა ექვსი თვის ჩვილის გადარჩენა, პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საერთო ჯამში, დონეცკის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე.

განგაშის ხმა ისმოდა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება, რუსმა სამხედროებმა, ხერსონზე იერიშისთვის გამოიყენეს. მოსახლეობამ ღამე თავშესაფრებში გაატარა.

რუსეთის მხრიდან შეტევების ინტენსივობის ზრდა დაადასტურა ქვეყნის ახალმა მთავარსარდალმა. ოლექსანდრ სირსკის თქმით, ქვეყანა იძულებულია თავდაცვით პოზიციაში გადავიდეს.

ახალი მთავარსარდლის ტაქტიკას, სკეპტიკურად აფასებს ოლექსი არესტოვიჩი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, სირსკის და რუსეთის კავშირებზე საუბრობს.

თავდაცვითი ტაქტიკის მიუხედავად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. უკრაინელმა სამხედროებმა 1060 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. აფეთქებულია 9 ტანკი, 39 ჯავშანმანქანა, 66 საარტილერიო სისტემა და 39 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ადასტურებს მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდის ჩაძირვასთან დაკავშირებითაც. ვრცელდება ოპერატიული მასალაც, სადაც ჩანს თუ როგორ ესხმიან უკრაინული დრონები თავს “ცეზარ კუნიკოვს”. გემი ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს ჩაძირეს. ეს ხომალდი რუსეთმა 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში გამოიყენა.

მტრისთვის მეტი ზიანის მისაყენებლად და შეტევებისგან თავდასაცავად, უკრაინამ უახლოეს პერიოდში ამერიკისგან, შესაძლოა დამატებით 60 მილიარდი დოლარი მიიღოს. ახალი პაკეტი შეერთებული შტატების სენატმა უკვე დაამტკიცა. სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ვოლოდიმირ ზელენსკი.

60 მილიარდიანი დახმარების მისაღებად, ახლა კონგრესმენების დადებითი პასუხია საჭირო. ამის შემდეგ, დოკუმენტს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაწერს.

რუსულმა ძალებმა უკრაინაში კუპიანსკის რაიონის სოფელი ველიკი ბურლუკი დაბომბეს, შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, დანარჩენებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

“დღეს, 16:16 საათზე, მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა სოფელ ველიკიი ბურლუკზე. ადრე S-300. ორსართულიან კორპუსს და მის გვერდით მეორეს შეეჯახა. დაშავდა 7 ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ ადამიანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხალხი ნანგრევების ქვეშაა”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე ცნობით, ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და სხვა სამსახურები.

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მიკოლაივკა დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.

“რუსებმა მიკოლაივკაში ორი ადამიანი მოკლეს. ამ დროისთვის ცნობილია ორი გარდაცვლილი ქალი – 62 და 74 წლის. გარდა ამისა, დაშავდა ერთი ადამიანი”, – აცხადებს დონეცკის ოლქის რეგიონული ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი.

მისივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქს ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე გაუხსნეს. თავდასხმის საბოლოო შედეგები დგინდება.

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი ისევ დაბომბეს, შედეგად დნიპროს რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განაცხადა.

“1963 წელს დაბადებულმა ქალმა ექიმებს თავის დახურული მოტეხილობით მიმართა”, – ნათქვამია განცხადებაში.

Ukrinform-ის ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ხერსონის რაიონი 37-ჯერ დაბომბა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button