სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს ხოლო ერთი უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – აღნიშნულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავაც წერს:
ახალი გატაცება კირბალში. როგორც პირველადი ინფორმაცია მოგვაწოდეს, სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა გაუხსნეს ცეცხლი ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ერთი მოქალაქე დაჭრილია და მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მეორე მოქალაქე გატაცებულია. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა და ჩვენ მივდივართ კირბალში, რათა აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმოთ, – წერს ქაცარავა
შეგახსენებთ რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს. სროლის შედეგად ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა ოკუპანტების მიერ გატაცებული მეორე მოქალაქე უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი და ის, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები