რეგიონისიახლეები

სოფელ ნიჯგორთან კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა

ახალციხე-ნიჯგორის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდიდან ქვის ლოდები ჩამოცვივდა. ამის გამო, გარკვეული ხნით გადაადგილება შეიზღუდა, გზის ამ მონაკვეთზე მოძრავ ტრანსპორტს გაჩერება მოუწია.

ინფორმაციას “მეცხრე არხი” ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზისპირა კლდიდან ლოდები ხშირად ცვივა.

,,მანქანებმა გაიარეს და წამოვიდა ზევიდან ლოდები. წამებში მოასწრეს, თორემ ეს რომ დასცემოდა, უბედურება მოხდებოდა. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ ახლა რამდენიმეტონიანი ქვები ჩამოცვივდა.” – განაცხადეს ნიჯგორში.

ჩახერგილ გზას კომპანია “ჯავახ ავტოგზა” გაწმენდს. მისი ხელმძღვანელის, ნოდარ ინასარიძის თქმით, მძიმე ტექნიკა ადგილზე უკვე გავიდა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, სამუშაოები დაიწყება.

“მეც ახლა დამირეკეს და ოპერატიულად, მაშინვე წავიდნენ ჩვენი თანამშრომლები. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობაა, მივლენ და მერე მეტყვიან სამუშაოების სირთულეს.” – განაცხადა ნოდარ ინასარიძემ.

ასპინძის მერის განმარტებით, მოძრაობა უკვე აღდგენილია და მოსახლეობას მიმოსვლის პრობლემა აღარ აქვს. რაც შეეხება ლოდების გადატანას, როსტომ მაგრაქველიძე დახმარებას ჯავახეთიდან ელოდება.

,,ახალქალაქიდან ველოდებით მანქანას, რომელიც მძიმეტონიანი ლოდების გადატანას შეძლებს გზიდან, რათა სრულად გათავისუფლდეს ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზა.” – განუცხადა “მეცხრე არხს” როსტომ მაგრაქველიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button