მნიშვნელოვანისიახლეები

კალაძის თქმით ანტიდასავლურ განცხადებებს არ აკეთებს

„ერთი მაგალითი მომიყვანეთ როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე

ქართულ ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ის ანტიდასავლურ განცხადებებს არ აკეთებს.

“როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება? ერთი მაგალითი მოიყვანონ. აი, ნაციონალური მოძრაობა რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალურო ორგანიზაცია, რომელმაც თავის ქმედებებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაადასტურა და აჩვენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროპასთან და ევროპულობასთან ამ ადამიანებს და ამ დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან”- თქვა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება.

“ვიცით ეს ადამიანები [ოპოზიცია] ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს მისცეს სტატუსი,” – განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიის შენობასთან აქცია გამართეს. მათ კახა კალაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს და თქვეს, რომ მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება – “თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, არც ეგაა პრობლემა”, ანტიდასავლური არ არის.

კახა კალაძემ 1-ელ მაისს თქვა: “12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა”.

ეს არ არის ერთადერთი კომენტარი, სადაც კალაძე ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებს. ის ერთ-ერთია ქართული ოცნებიდან, ვინც საუბრობს მეორე ფრონტზე და ევროპელ პარტნიორებს თავს ესხმის.

მსგავსი პოსტები

Back to top button