”ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შეეცდებიან მეტი ზიანი მოგვაყენონ,,-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში რუსების მიერ წუხელ განხორციელებულ მასიურ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები ძლიერ პასუხს გასცემს ოკუპანტებს.
„ვაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას. ვაძლიერებთ მობილურ საცეცხლე ჯგუფებს. ვაცნობიერებთ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შეეცდებიან მეტი ზიანი მოგვაყენონ. მტერს მძლავრად ვუპასუხებთ!” – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ავიაციას, საზენიტო მსროლელებს და მობილურ საცეცხლე ჯგუფებს „შაჰედების” ჩამოგდებისთვის.
„ცის დამცველები ეფექტურად მუშაობდნენ ათ ოლქში – ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, მიკოლაივში, ოდესაში, კიევში, კიროვოგრადში, ვინიცაში, ხმელნიცკსა და ლვოვში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის! სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც. მსხვერპლი არ ყოფილა. შედეგები ლიკვიდირებულია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს.
“რუსული საოკუპაციო ძალები ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებენ. ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ. ასეთი ზამთარი მარტივი არ იქნება, რადგან ეს არის ომის ზამთარი”, – თქვა დანილოვმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში რუსები კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას შეეცდებიან.
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აგროვებენ, რათა ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განახორციელონ.
უკრაინაზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 38 დამრტყმელი დრონი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა. ამის შესახებ დილით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისი ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის დაჯგუფების პრესმდივნის, ნატალია ჰუმენიუკის ცნობით, მართვადი რაკეტა კიროვოგრადის ოლქში ჩამოაგდეს. პრესმდივნის თანახმად, დრონებით შეტევა საკმაოდ ძლიერი იყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის 5 საათის განმავლობაში მუშაობდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კიროვოგრადის ოლქებში.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოდესის და ლვოვის ოლქებში დრონებით დარტყმა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, ქალაქ ხარკოვში დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.