მნიშვნელოვანისიახლეები

„სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის ნობათის ინსპექტირების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რძეში აღმოჩენილი აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის გამო პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

“სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს. შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა”, – წერია განცხადებაში.

მანამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სოფლის ნობათის წარმოებული რძის შემოწმების შედეგად, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, რომელიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან – საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

პედიატრი თემურ მიქელაძე ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

როგორც მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება.

„მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. აფლატოქსინი, ერთ-ერთი სოკოვანი ტოქსინია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ტიპის საკვებში, მათ შორის რძეშიც. ის ასოცირებულია მწვავე და ქრონიკულ ინქტოქსიკაციასთან. ქრონიკული ექსპოზიცია ასოცირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნესთან და რამდენიმე კვლევის მიხედვით სიმაღლეში ზრდის შეფერხებასთან. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია სისხლში აფლატოქსინის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც აკონტროლებს რძეში და არა მარტო, აფლატოქსინის შემცველობას. აფლატოქსნის შემცველობის დასაშვებ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის აღმოჩენისთანავე, ისინი ვალდებულნი არიან, აცნობონ შესაბამის სტრუქტურებს და ამოიღონ პროდუქცია ბაზრიდან. JESCA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხო შემცველობაა 0.5 to 15 µg/კგ-ზე. სოკოვანი ტოქსინების შემცველობა რძეში და სხვა პროდუქტებში მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამოიღოს პროდუქცია გაყიდვებიდან. მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება“, – წერს თემურ მიქელაძე.

მიქელაძე იმედოვნებს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.

„ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.

P.S რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც რეკომენდაციას გასცემენ ბავშვთა კვებაში საკუთარი პროდუქციის გამოყენებაზე, მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოში არსებული მკაცრი მარეგულირებლების მიერ. დედის რძე – ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას“, – წერს თემურ მიქელაძე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button