სოფლის ნობათის მიერ გავრცელებულ განცხადებით მათი პროდუქტი ,,საფრთხეს არ წარმოადგენს,,
ეს იყო „აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტია“

სოფლის ნობათი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააგენტო ბაზრიდან აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველი რძის პროდუქტების ამოღებასა და დალუქვას იწყებს.
სოფლის ნობათის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს”.
ამასთან, მათივე განცხადებით, კომპანია რძის აღნიშნულ პარტიას უახლოეს საათებში გაყიდვიდან სრულად ამოიღებს.
“ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე). გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ.” ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მანამდე,3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
„სოფლის ნობათი“ 3 აპრილს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ
„მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად“, კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან, „რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს“.
„მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან“, – აცხადებს კომპანია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საღამოს 9 საათზე განაცხადა, რომ „მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა“.
„სოფლის ნობათი“ წერს იმასაც, რომ ეს საკითხი ვრცელდება „მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე“.
სურსათის ეროვნულის სააგენტოს გავრცელებულ ფოტოებში, რაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველ პროდუქციას ეხება, ჩანს, რომ ეს პროდუქცია იყიდებოდა „სოფლის ნობათის“ ბრენდით. კერძოდ აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა შემდეგ ხუთ ნიმუშში:
სასმელი რძე “საბავშვო”, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
მაია ბუწაშვილმა, ექიმმა-ინფექციონისტმა კლინიკა „ნეო ლაბიდან“ ფეისბუკზე განმარტა, რომ აფლაქოტსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus):
„აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.
ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.
ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას“.