სოსო გოგაშვილი: ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს
სუსის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის თქმით, მან იცის მედიაში გავრცელებული უკანონო ჩანაწერის წარმომავლობა, თუმცა ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
გოგაშვილმა ჩანაწერების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია.
თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.
მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა.
ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან.
მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება.
მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა!
უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს.
მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს. მე გამაჩერებთ? ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი ნამდვილი მეგობრები გააკეთებენ ამას.
”კუდი გამოგიჩნდათ პატივცემულო”…
მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ ეს არის უდიდესი მაშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს.
რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით.
P.S მინდა თხოვნით მივმართო ყველა მედია საშუალებას: ნამდვილად დასაფასებელია თქვენი პოზიცია, რომ ერიდებით მოპოვებული მასალის უკონტროლოდ გავრცელებას. ბუნებრივია უნდა გააშუქოთ ინფორმაცია და ნაწილი შესაძლოა გაასაჯაროვოთ, მაგრამ ძალიან სიფრთხილით მოეკიდეთ ამ ამბავს. მაქსიმალური მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ ყველამ. შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს და ამით ვერავინ ვერ იხეირებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრები”, – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიასაშუალებებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.
ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები – ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.