პოლიტიკასიახლეები

სოსო გოგაშვილი „ქართულ-რუსული სპეცსამსახურების“ თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება, – ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო.

„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა. არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური – სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო. ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული ინფორმაცია საქართველოს პორტში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი გემის შემოსვლის ფაქტი მაქვს მხედველობაში. წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება. ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში.

როგორ დალაგდა ეს სქემა: 2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში „ეფ ეს ბეს“ საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახალშექმნილი სამსახურის ანუ სუს-ის ხელმძღვანელობასთან გაცნობა. მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა „ეფ ეს ბეს“ გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური). შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, „აირზენას“ მოვამზადებინე თვითმფრინავი – ბოინგ 737 ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში. ამ რეისს ვაკონტროლებდი flight radar-ის აპლიკაციით. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი. ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით „ეფ ეს ბეს“ ორ გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან. საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის „ანდერვილში“. იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური  და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე. როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს“, – წერს სოსო გოგაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button