მნიშვნელოვანისიახლეები

სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს 10 000 ლარიანი გირაოს შეუფარდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გოგაშვილს , თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ გოგაშვილი, საპატიმროს დატოვებას 10 ათასი ლარის გადახდის შემდეგ შეძლებს.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, საქმეში გოგაშვილის ბრალეულობის დამამტკიცებელი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები დევს.

პროკურატურა ამბობს, რომ ნიკოლოზ გოგაშვილმა, სამი ცეცხლსასროლი იარაღი, შემდგომში სოსო გოგაშვილზე მართლსაწინაამდეგოდ გასაღების მიზნით შეიძინა.

„არის მოწმე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ნიკოლოზ გოგაშვილმა იარაღები შეიძინა, კანონიერად მის სახელზე რეგისტრირება მოახდინა და თავიდანვე მისი განზრახვა იყო მართლსაწინააღმდეგოდ გაესაღებინა”- განაცხადა პროკურორმა, ნათია სილაგაძემ.

ნიკოლოზ გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ სამხარაძის განმარტებით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო სისხლის სამართლის კანონით დასჯადი და ის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გათვალისწინებული.

„მოწმეების გვარები სასამართლო დარბაზში გაჟღერდა და აქედან, უმრავლესი ნაწილი სუს-ის თანამშრომელია, რომლებმაც გარკვეულ პროცედურებში მიიღეს მონაწილეობა – ჩხრეკის, დაკავების და ასე შემდეგ. ასევე არსებობს ერთადერთი არაობიექტური, მიკერძოებული და დაინტერესებული მოწმე, რომელიც იოსებ გოგაშვილზე გაბრაზების ან წყენის გამო, ტენდენციურია. ასევე, შესაძლოა ის ელოდება რაღაც პრივილეგიებს, დაწინაურებას, არ ვიცი რას, რის გამოც შესაძლოა ის ძლევდეს არასწორ ინფორმაციას სამართალდამცავებს”, – აცხადებს სამხარაძე.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი, თელავში, 8 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება გოგაშვილის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკოლოზ გოგაშვილს, 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button