გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი მაშველებმა ვერტმფრენით, საავადმყოფოში გადაიყვანეს

პირაქეთა ხევსურეთის მკვიდრი, 76 წლის მიხა არაბული, რომელიც გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელ ზეისტეჩოს მკვიდრი მიხა არაბული ორი კვირის მანძილზე საწოლს იყო მიჯაჭვული. თუმცა დიდთოვლობისა და გზებზე არსებული პრობლემების გამო, მისი სამანქანო გზით ტრანსპორტირება ვერ ხერხდებოდა.
გამოცემა ,,მთის ამბების” ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში, გორშეღმის ხეობაში ჩაკეტილი სამანქანო გზა, დუშეთის მერიას არცერთხელ არ გაუწმენდავს, რის გამოც გორშეღმის ხეობაში მანქანა ვერ მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ – „112“-ში შესული შეტყობინების შემდგე, სოფელში მაშველები ჩავიდნენ და ავადმყოფი დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.