აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულირებას ითვალისწინებს.
„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა სიტყვის თავისუფლება დავიცვათ ერთ-ერთი მთავარი საფრთხისგან“. – უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 28 მაისს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. მისი შეფასებით, დიდ ონლაინ-პალტფორმებს უკონტროლო ძალაუფლება აქვთ და ცენზურის და შეზღუდვის უფლებით სარგებლობენ.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შეიცვალოს კომუნიკაციის საშუალებების წესიერების აქტის 230-ე პარაგრაფი. კანონის ეს მუხლი სოციალურ ქსელებს ათავისუფლებს იურიდიული პასუხისმგებლობისგან მათ პლატფორმებზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებების შინაარსის გამო.
ამ პარაგრაფის საფუძველზე, მაგალითად, ტვიტერი და ფეისბუკი დაცულნი არიან ცილისწამების, ან პატივის და ღირსების შელახვისთვის სასამართლო დავებისგან, რადგან კანონი სოციალურ ქსელებს მედიაგამოცემად არ განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაავალა. დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდება.
26 მაისს სოციალურმა ქსელმა “ტვიტერმა” მომხმარებელი პირველად გააფრთხილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ტვიტერით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. საქმე ეხებოდა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული.
ტვიტერის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის ამ მოსაზრების ქვეშ, ძახილის ნიშნით გამოაქვეყნა მითითება: „მიიღეთ ფაქტები ფოსტით ხმის მიცემის შესახებ“. თუ მომხმარებელი ამ მითითებას მიჰყვება, გაიგებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერი 2020 წლის არჩევნებში ჩარევასა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამას არ დაუშვებს.