მნიშვნელოვანისიახლეები

სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა

თბილისში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა- შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანან ადამიანები რეზინის ტყვიისგან მიღებული ჭრილობებით, მათ ნაწილს სხვა დემონსტრანტები უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას, ნაწილს სასწრაფო დახმარების ექიმები.

რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს ადასტურებს აქციაზე მყოფი არაერთი ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება მისი გამოყენების შესახებ არ გაუვრცელებია.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება ისევ დაძაბულია. პარლამენტის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ჩაახშეს სიგნალი, რის გამოც ტელეფონების, ინტერნეტის, ასევე ტელევიზიებისთვის ჩართვის აპარატების გამოყენება თითქმის შეუძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები დაშლა დაიწყო

რუსთაველზე აქციის დარბევა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო – 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება.

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ დახშულია კომუნიკაციებიც – ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალი სუსტია, თითქმის შეუძლებელია პირდაპირი ეთერის ჩასართავად საჭირო ტექნიკის გამოყენებაც.თბილისში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უწყვეტი მრავალრიცხოვანი პროტესტის მორიგი აქცია მიმდინარეობს.

დღეს, საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო „აგენტების კანონი“. დარჩა მესამე, ფინალური მოსმენა – თარიღი ჯერ დაუზუსტებელია.

პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. თავდაპირველად პოლიცია პარლამენტის ზედა და ქვედა შესასვლელებთან გამაგრდა.

9-ის ნახევრისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“.

პოლიციელები ახლა მხოლოდ პარლამენტის შიდა ეზოს ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები. ამას გარდა, მათი ნაწილი მობილიზებულია პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედანზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button