„სპეციალური ოპერაცია“ ომად გადაიქცა-პრიგოჟინი ბელგოროდში აფეთქერბას ეხმიანება

ბელგოროდში არსებულ ვითარებას რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ეხმაურება. ევგენი პრიგოჟინის თქმით, „სპეციალური ოპერაცია“ ომად გადაიქცა.
„დე ფაქტო ახლა იქ ომი მიმდინარეობს. დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან“, – აცხადებს პრიგოჟინი.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები არაფერს აკეთებენ რუსეთის საზღვრების დასაცავად.
„ეს მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ წარმოადგნენ თავდასხმის სამინისტროს, ისინი არიან თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ ვალდებულები არიან, ქვეყანა დაიცვან“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისი ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამარხზე გაავრცელა.
„მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბელგოროდის ოლქში დღეიდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს“, – წერს გლადკოვი.
აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებას, იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, სადაც გამოიყენება ასაფეთქებელი, რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური საშიში ნივთიერებები.
მანამდე რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებითა და მანქანებით გადაადგილდებიან ქალაქ ბელგოროდისკენ.
ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„დღეიდან ბელგოროდის რაიონში „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
მან გაიხსენა, რომ კონტრტერორისტული რეჟიმი აწესებს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს – მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებიდან დაწყებული ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების მრეწველობის საქმიანობის შეჩერებამდე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს.
რუსული მედია იუწყება რამდენიმე დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებ. მათივე ცნობით, ოლქის ტერიტორიაზე ამოქმედდა საგანგებო გეგმა სახელწოდებით „ედელვეისი“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პირადი შემადგენლობის მობილიზაციას ითვალისწინებს.
თავის მხრივ, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ აწყობს.