მნიშვნელოვანისიახლეები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ექსპრეზიდენტის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეუზღუდავად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

სამსახურმა “მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ბრალდებების” პასუხად, გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

„ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან,”-ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე კვლავ უარს ამბობს, განცხადება მან რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

7 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“:

“ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, წყვეტს ყველანაირ მკურნალობას, სანამ არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ დისციპლინურ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურად დაშვებას.

7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:

  • ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
  • რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
  • რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური – 2000 ლარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button