მნიშვნელოვანისაქართველო

”სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა” – სუსი

დადასტურდა ქართული და საერთაშორისო მედიის ვარაუდი, რომ თბილისში ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ ჩატაევმა ამ სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ორი პირი, ერთი კი დაკავებულია.

სუსი არ აკონკრეტებს, თუ რას გეგმავდა დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებულმა პირმა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი.

სახელმწიფო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა გაქცევა მოახერხა.

თბილისის ისნის რაიონში, სადაც 22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა, მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა გვამები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაასვენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button