მნიშვნელოვანისაქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან აქცია დაშალა

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმის მიერ აღებულია, აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები.

მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიკავა. გათავისუფლებულია ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და პარლამენტის ზედა შესასვლელი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან, საიდანც დეპუტატები სარგებლობენ. გადაკეტილია, რუსთაველის გამზირამდე მისასვლელი ყველა ქუჩა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 05:00 საათისთვის გამოჩნდა.

შს სამინისტროს განცხადებით, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ჰქონდათ გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანო, თუმცა მითითებულ ვადაში არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას, რის შემდეგაც 28 პირი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.

“სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button