სპეცრეისი თბილისი-მინსკი, ვითარება ბელარუსში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
“ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.
“ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა.
ასევე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.
ბელორუსში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების პარალელურად კი, ქვეყნის არმია ლიეტუვის საზღვართან მდებარე ჰროდნოს ოლქში სამხედრო წვრთნებს იწყებს. ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ოფიციალური მინსკის ცნობით, წვრთნები 17-დან 20 აგვისტომდე, შეარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება.
ამავდროულად, ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ლიეტუვაში იმყოფება, აცხადებს, რომ მზად არის როგორც „ეროვნულმა ლიდერმა იმოქმედოს“. ამის შესახებ მან ბელარუსის მოსახლეობისადმი ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო, როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის.” – განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავებს მოუწოდა, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და აღნიშნა, რომ თუკი ასე მოიქცევიან, აპატიებენ იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი. გამგზავრების შემდეგ მან გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა, თუმცა მოკლე ხანში კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ბელარუსებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებს. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.