მტერთან 100-ზე მეტი შეტაკება-ოკუპანტებმა ავდეევკას მახლობლად შეტევა განაახლეს

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, 100-ზე მეტი შეტაკება მოხდა. კონტრშეტევა გრძელდება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე. აქ მოიერიშე ჯგუფები მდინარე დნეპრს ნავებით კვეთენ და ოკუპირებულ ნაწილში შეტევების გაფართოებისთვის ახალ პლაცდარმს ქმნიან.
უკრაინელ სამხედროებს მტრის შეტევების მოგერიება უწევთ აღმოსავლეთ რეგიონებშიც. შეტაკებები გრძელდება ავდიივკასთან, სადაც გასული დღეების განმავლობაში რუსულ დანაყოფებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის რეკორდული დანაკარგები ჰქონდათ.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები გადაჯგუფდნენ და ავდეევკას მახლობლად შეტევა განაახლეს.
“რუსეთის შეტევითმა ოპერაციამ ავდეევკაში რუსული ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია. რუსები გადაჯგუფდნენ და ინტენსიურ შეტევას დაუბრუნდნენ.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტებს სჯერათ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ ავდეევკას აღება, ან სარდლობა არ ითვალისწინებს ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის დიდ დანაკარგს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმები მოიგერიეს ავდეევკას, ნოვოკალინოვოს, სტეპნოეს, პერვომაისკესა და სევერნოეს მახლობლად.
“რუსი ოკუპანტები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები ხაზს იცავენ და მტერს დიდი ზიანს აყენებენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 100-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა 9 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 50”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს. როგორც ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, დაიღუპა 2 ადამიანი.
მისივე თქმით, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი, 3 სახლი.
უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 292 850 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ამასთან, უკრაინის ცნობით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 200 რუსული ჯავშანმანქანა გაანადგურეს.