აფხაზავამ სპა-ფრანკორშანზე წვიმაში გაიმარჯვა

ბელგიურ ტრეკ სპა-ფრანკორშანზე, „ლამბორგინის“ მონო სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს მეოთხე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა, რომელშიც მოყვარულთა კლასში (სულ სამი კლასია – პროფესიონალები, ნახევრად პროფესიონალები და მოყვარულები), საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი, შოთა აფხაზავა მონაწილეობს.

lamborghini-super-trofeo-13აფხაზავამ ორიდან თავის კლასში ერთი რბოლა მოიგო, მეორეში მეოთხე ადგილი დაიკავა და კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა.

პირველი რბოლა მშრალ ამინდში ჩატარდა. ქართველმა მრბოლმა ის მე-19 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა პირველივე წრეზე სამი პოზიციით წინ წაიწია. ერთსაათიანი რბოლის მსვლელობისას, რომლის დროსაც, ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, აფხაზავამ აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მე-12 ადგილამდე ამოწევა შეძლო, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე სამუხრუჭე სისტემა დაუზიანდა და ამის გამო, 21-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

მეორე რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით გაიმართა. ამის გამო, პირველი 25 წუთი, გრძელი პელოტონი უსაფრთხოების მანქანამ ატარა. აფხაზავამ სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო და პირველივე წრეზე, ისევ სამი პოზიციით წინ წაიწია. შუა რბოლისას, როცა პიტლეინი გაიხსნა, ქართველი მრბოლი აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მერვე ადგილამდე დაწინაურდა, თუმცა მალე თავადაც მოუწია ბოქსში შესვლა და იქიდან დაბრუნებული, მე-14 ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, ურთულესი რბოლა, რომლის დროსაც, პილოტებს მეტწილად წინ მიმავალი მანქანებისგან დატოვილ წყლის შხეფებში უწევდათ გზის გაკვლევა, აფხაზავამ მე-12 ადგილზე დაასრულა, თავის კლასში კი გამარჯვება მოიპოვა.

„რბოლის დასაწყისში მცირე კონტაქტის და წვიმის მიუხედავად, რომელმაც რბოლაზე დიდი გავლენა იქონია, AM კლასში პირველივე წრიდან ლიდერობის შენარჩუნება შევძელი. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან ძალიან რთულ პირობებში მოვიპოვე“, – ნარბოლევს განაცხადა აფხაზავამ.

ამგვარად, ოთხი ეტაპის შემდეგ, აფხაზავას ანგარიშზე სამი გამარჯვება (მონცა, სილვერსტოუნი და სპა) და ორი მეორე ადგილია (მონცა და სილვერსტოუნი), რითაც 89 ქულა დაუგროვდა და თავის კლასში დამაჯერებლად ლიდერობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button