მნიშვნელოვანისიახლეები

გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 50 000-იანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო, დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ 24 თებერვალს თქვა, რომ მტკვარი ჰესის საკითხზე ბრალი უნდა წაუყენონ.

25 თებერვალს პროკურატურამ მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

„შედეგად, „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი, არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, რომელშიც “დაზარალებული” ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button