რუსეთმა ირანისგან 250 ირანული დრონი “Shahed” მიიღო-ზელენსკი
პუტინმა და ლუკაშენკომ საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ირანისგან 250 ირანული დრონი “Shahed” მიიღო.
“ამ ღამეს უკრაინას ისევ დაესხნენ თავს ირანული დრონები, 34 “Shahed”, რიცხვსაც ვამბობ და სახელსაც, საკმაოდ კონკრეტულად. ეს არის “Shahed” ახალი პარტიიდან, რომელიც რუსეთმა ირანიდან მიიღო. 250 – ამდენი “Shahed” მიიღო ახლა ტერორისტულმა სახელმწიფომ”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსული რაკეტები და ირანული უპილოტო თვითმფრინავები მუდმივად გამოიყენება დარტყმისთვის, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე.
16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, უკვე მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 70 საკრუიზო და 4 მართვადი საჰაერო რაკეტა გაუშვეს, აქედან 60 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ სამიტზე საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს.
პუტინმა თქვა, რომ ბელორუსია რუსეთის უახლოესი მოკავშირეა.
ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი “მოუსმენს გონიერების ხმას”, რათა უსაფრთხოებაზე დიალოგი განახლდეს.
ლუკაშენკომ ასევე ახსენა ეკონომიკური ურთიერთობები და განაცხადა, რომ “ერთობლივი მუშაობის წყალობით რუსეთმა და ბელორუსმა მოახერხეს სანქციების ზეწოლის შესაძლო უარყოფითი შედეგების დაძლევა”.
რუსულმა ძალებმა ბელორუსიის ტერიტორია უკრაინაში თავდაპირველი შეჭრისას, თებერვალში გამოიყენეს.
რუსეთს ასევე ჰყავს თვითმფრინავები, რომლებიც ბელორუსიაშია.