სპორტსმენები და ახალგაზრდები დასუფთავების ღონისძიებებში ჩაერთვნენ [Photo]
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სამინისტროს თანამშრომლები, მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები და ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და ახალგაზრდები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დასუფთავების ერთობლივ ღონისძიებებში ჩაერთნენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქცია გმირთა მოედანზე დაიწყო, სადაც ქალაქის მერ – დავით ნარმანიასთან და მთავრობის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ, სპორტსმენები და ახალგაზრდები სამ ადგილას გადანაწილდნენ – ზოოპარკისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაგუნა ვერესა და ტანვარჯიშის დარბაზის ტერიტორიაზე, ასევე სვანიძის ქუჩაზე.
მინისტრმა, კალათბურთელებთან, წყალბურთელებთან, მოკრივეებთან, მოჭიდავეებთან, ძიუდოისტებთან, ხელბურთელებთან, მოფარიკავეებთან და სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად მიიღო მონაწილეობა დასუფთავების აქციაში, დაათვალიერა სტიქიით დაზარალებული ლაგუნა ვერეს საცურაო აუზი და ტანვარჯის დარბაზი, სადაც ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
15 ივნისი დღის მიწურულს, მინისტრმა სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და მოადგილეებთან ერთად პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩართულ ყველა მოხალისეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9939″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]