თანხის “შეწერების”მცდელობა კაბალში სროლით დასრულდა – დაჭრილია ერთი ადამიანი
ჯგუფური დაპირისპირება სოფელ კაბალში თანხის ე,წ “შეწერებას” მოჰყვა.
გვიან საღამოს სროლა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში, სადაც წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელსაც ამ წუთებში ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში” სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
რადიო ჰერეთის წყაროების ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელების ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. უთანხმოება ე.წ “ქურდულ სამყაროსთან” დაახლოებულ ვინმე “ტელმანსა”(რომელიც საპყრობილედან ახალი გამოსულია) და ადგილობრივ ვინმე ტაჰირს შორის მოხდა.
რადიო ჰერეთის წყაროს ინფორმაციით, ტელმანი ტაჰირს ფულს სძალავდა, რა დროსაც სიტუაცია გამწვავდა და სროლით დასრულდა.
ამ დრომდე უცნობია მძიმედ დაჭრილი “ტელმანის” ოფიციალური ვინაობა, რომელსაც რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. კლინიკის ექიმები დაშავებულის ვინაობას არ ასაჯაროვებენ.
რადიო ჰერეთთან,”არქიმედეს კლინიკის” ექიმი მალხაზ ველიჯანაშვილი, ამბობს რომ დაზარალებულს სახისა და გულმკერდის არეში ტყვიით შემავალი ჭრილობა აქვს და მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა.
დუმს სოფელ კაბლის მოსახლეობაც, რომლის ნაწილიც კლინიკასთანაა მობილიზებული და რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ სროლა კი არა, ყველაფერი ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება.
ჰერეთმა გაარკვია, რომ ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ ვინც “ტელმანის” მიმართულებით გაისროლა მიმალვა სცადა, თუმცა სწრაფად მიმავალი სოფელ ფონის შესასვლელთან ავტოავარიაში მოჰყვა, მასთან ერთად დაზარალებულია კიდევ ერთი მგზავრი.
მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციაც.
რადიო ჰერეთი დეტალებს არკვევს და ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.