სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.
კითხვაზე – აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა.
“ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ,”-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.
დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.
“გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა რეზინის ტყვია ესროლეს. მისი თქმით, დაზიანება აქვს ნეკნთან და ხელზე.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმმა ტყვია ხელიდან ამოუღო, თუმცა გადაღების საშუალება აღარ მისცეს.
“დაზიანება მივიღე ორი, ერთი ნეკნთან და მეორე ხელზე. ნეკნში ტყვია შიგნით არ აღმომაჩნდა და ისე დამიმუშავეს ზედაპირულად, რაც შეეხება ხელში, ხელში მქონდა ტყვია, მე არც მქონდა შემჩნეული, ვერც ვიფიქრებდი, რომ შიგნით იქნებოდა შესული, მერე ექიმმა ამომიღო და ის ხელიც დამიმუშავა და უცბად გამომიშვა, სიმართლე გითხრათ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იყო სასწრაფოს მომწყდარი. ხელიდან ერთი რეზინის ტყვია ამომიღეს, უბრალოდ სასწრაფოს ექიმმა არ მომცა და არც ფოტო გადამაღებინა. მერე მივხვდი, რომ ალბათ რაღაცას მალავდნენ უბრალოდ იქ ჩხუბი არ დავიწყე, ადამიანი რომ გეხმარება და გეშველება იმასთან კონფლიქტი მეუხერხულება,” – ამბობს კობერიძე.
გუშინდელ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკებში 15 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის სამართალდამცავებიც.