სსრკ-ს ჰიმნზე პარლამენტის შენობაში შესული დეპუტატების ფიცი ქვეყანას
“ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულ პარლამენტში ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო. სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ წაიყვანა. ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წაიკითხა: ამის შემდეგ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი,
მანამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების ხმაურისა და საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე უწევდათ
საკანონმდებლო ორგანოს ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები. მათ არჩევნების გაყალბება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტის შეკრება გააპროტესტეს.
პარლამენტში მისულ პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატს, შენობაში შესასვლელად პოლიციის დახმარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ტარდება და მას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან, რაც უპრეცენდენტო ფაქტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ არჩევნებს ითხოვს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შეიკრიბა, სადაც მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ოფიციალურად თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე
ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობა არ მიიღო გირჩმა, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ.
ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობა არ მიიღო არც პარტია მოქალაქეებმა, მაგრამ ისინი საპარლამენტო მანდატებზე ამ ეტაპზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ გარკვეული დათმობების პირობების შემთხვევაში პარლამენტში შევლენ.