რეგიონი

“სტალინის ძეგლის აღებას, შესაძლოა მძიმე დაპირისპირება მოჰყვეს”

“სტალინის ძეგლის აღებას, შესაძლოა მძიმე დაპირისპირება მოჰყვეს”- ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მოსახლეობის ნაწილი სტალინის ძეგლის აღებას ითხოვს.

ძეგლი რამდენიმე ათეული წელია, მუნიციპალურ სკვერში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან დგას და სოფლის მოსახლეობის ნაწილი, მისი მოხსნის კატეგორიული წინააღმდეგია.
ძეგლის მოხსნას მხარს, ძირითადად, ზემო ალვანში მცხოვრები ახალგაზრდობა უჭერს, რომლებიც მას იმპერიალიზმის სიმბოლოდ თვლიან.

” სირცხვილია, არ გვეკადრება თუშების სოფელში სტალინის ძეგლი რომ გვაქვს. ეს არის რუსული იმპერიალიზმის სიმბოლო და მისი ადგილი საქართველოში საერთოდ არ არის.ყველაფერს თავი დავანებოთ, ახალგაზრდული ორგანიზაციის “სამანის”მეთაურები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ უმოწყალოდ დახოცა და თავები მოჰკვეთა, თუშები იყვნენ და ბოლოს თავს თუშეთს აფარებდნენ”– აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე ფიცხელაური განმარტავს, რომ ძეგლის აღებამ შესაძლოა, ადგილობრივებს შორის მძიმე დაპირისპირება გამოიწვიოს.

” ეს არის საკითხი, რასაც შეიძლება მძიმე დაპირისპირება მოჰყვეს.ამაზე მუდმივად არის მსჯელობა, ცოტა ხნის წინაც ვსაუბრობდით ამ საკითხზე. თუმცა, სოფელში არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარეს, ის ეპოქა ახსოვთ და ამ ძეგლს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მახსოვს, წლების წინ საღებავი შეასხეს და ძალიან ცუდი რეზონანსი ჰქონდა. ამდენი პრობლემების, პანდემიის, ომის ფონზე, სოფელში დაპირისპირების წარმოშობა არ გვინდა“- ამბობს ფიცხელაური.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ძეგლი აიღეს, თუმცა, 2013 წელს, ის უკან დააბრუნეს.

“წლების წინ, ზემო ალვანში ეს ძეგლი ავიღეთ, თუმცა სოფელში არის ჯგუფები, რომლებმაც ისევ სკვერში დააბრუნეს. ეს ძეგლი, ზემო ალვანში, ნამდვილად არის განხეთქილების მიზეზი. მართლა უცნაურია, “სამანის” წევრების კუთხეს, რატომ უნდა სჭირდებოდეს საბჭოთა დიქტატორის ძეგლი. თუმცა, მოცემულობა ეს არის”- განაცხადა ტერტერაშვილმა.

უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული სტალინის პორტრეტი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელშიც.

პორტრეტი, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომარ გიგიაშვილის კუთვნილი ეზოს კედელზეა დამაგრებული.
ადგილობრივები ყვებიან, რომ საბჭოთა ბელადის პორტრეტი, 80-იან წლებში, ამ დროისთვის უცნობმა მხატვარმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თხოვნით შეასრულა და ის, კერძო პირის ეზოს ღობეზე დამონტაჟდა.

ამ ეტაპზე უცნობია, აიღებენ თუ არა პორტრეტს, რადგან ეზოს მესაკუთრე უკვე გარდაცვლილია, მისი ოჯახი კი, სოფლიდან წასულია.

უცნობია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციაც, რადგან მერიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სტალინის ბიუსტი 2020 წლამდე იდგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაშიც, თუმცა მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მერიამ ბიუსტი მაინც ჩამოხსნა.
2011 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ” თავისუფლების ქარტია”, რომლის თანახმად, საბჭოთა სიმბოლიკის განთავსება საჯარო სივრცეში, აკრძალულია.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button