გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა.
ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო და მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები მიიღონ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი დაუდგინდა 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შევიდა აზერბაიჯანის გავლით. მეორე – 31 წლის ქალია, რომელიც იტალიიდან ჩაფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მესამე ინფიცირებული მამაკაციც ირანში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.