მნიშვნელოვანისიახლეები

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება-დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება – დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ.

„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

…………..

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე დემონსტრაციას, რომლის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი.

„მინდა მოვუწოდო ყველას, რა თქმა უნდა, სიმშვიდისკენ. ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან, იქ არის, რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების ნაწილიდან.

დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცველების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დაზიანებების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი”, – თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ავრცელებენ იმ დეპუტატების მისამართებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს. მან ეს მოქმედება „ფაშიზმად” შეაფასა.

„ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების და არა მარტო ინიციატორების, არამედ მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები. იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს. ეს არის ფაშიზმი. ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია, ევროპასთან. მე მაინტერესებს, რა იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინების შესახებ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი NGO-ები, რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალეობა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმას, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების შემთხვევებზე მომავალში მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ხელებაწეული დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. “წიწაკის სპრეისაც”.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button