სტიქია თბილისში და რამდენიმე რეგიონში

თბილისიდატბორილი ქუჩები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლები – თბილისში რამდენიმე საათის განმავლობაში სტიქიას ებრძოდნენ.
გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარედ, გეთიას პირველ ჩიხში სანიაღვრე არხმა წყალი ვერ გაატარა და ქუჩაში მოედინებოდა. დატობრილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები.
წლიერმა წვიმამ ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა ვარკეთილის ხიდებთან. ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ელექტროსადენები და ხეები. სამაშველო სამსახურში 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, მათ შორის ყველაზე მეტი გამოძახება გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონებიდან დაფიქსირდა.
დუშეთიძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა დუშეთის რაიონშიც. დაზიანებულია გზის ნაწილი. სამაშველო სამსახურში მხოლოდ დუშეთიდან 18 შეტყობინება შევიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
თელავი
უამინდობის გამო, გვიან ღამით მოძრაობა აიკრძალა თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე.
გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე მონაკვეთზე კლდიდან ქანების ჩამოშლა გამოიწვია. თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მუშაობას დაიწყებს.
ქუთაისი
ძლიერი წვიმა მოვიდა ქუთაისშიც. ჭავჭავაძის გამზირზე, 2 ნომერ კორპუსში, ხანძრის შემდეგ ადგილობრივები ახლა უკვე წვიმამ დააზარალა. იქ სადაც რამდენიმე დღის წინ, ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის სახურავს გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა, წუხელ წვიმის გამო წყალი ბინებში ჩავიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ რაც ხანძარს გადაურჩა, ახლა წვიმამ დააზიანა. ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს საცხოვრისის გადასახური მასალა დროულად მიეწოდოს.
რკინიგზა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები რკინიგზაზეც შექმნა. ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დანიშნულების ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაგვიანებით ჩავიდა თბილისიდან მიმავალი მატარებელი ბათუმშიც. მიზეზი ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე მაღალი ძაბვის გათიშვა გახდა.
ელექტროენერგიის აღსადგენად რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რის შემდეგაც მატარებლებმა რეისები შეასრულეს.