უკრაინაში ომის 849 დღე-ოკუპანტები უკრაინას კვლავ ბომბავენ

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული და ორი დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსეთის ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე ოთხი დარტყმა მიიტანეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა საავიაციო ბომბებით განხორციელდა.
22 ივნისის ღამეს რუსეთის არმიამ კვლავ მასიურად შეუტია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, არიან დაშავებულები.
როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება, ქვეყანაში განგაში იყო მთელი ღამის განმავლობაში. ეს ბოლო სამი თვეში ამ მასშტაბის მერვე შეტევა იყო. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა შეუტია ელექტროგადამცემ სისტემებს ზაპოროჟიეს და ლვოვის რაიონებში – დაზიანდა აღჭურვილობა.
ზაპოროჟიეში კი დაშავდა ორი ენერგოინჟინერი. დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა, სადაც გაჩნდა ხანძარი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიც იტყობინება, რომ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონი ასევე მოხვდა რუსეთის დაბომბვის ქვეშ, რის შედეგადაც, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე 20 კვადრატული მეტრი ფართობის ღრმული გაჩნდა, იყო ხანძარიც. ივანო-ფრანკოვსკის მერმა რუსლან მარცინკოვმა განმარტა, რომ ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი: ჩამსხვრეულია მინები. მისივე თქმით, დაბომბვას ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, ამ ღამით რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 13 თავდასხმის დრონი გაუსროლა. ჩამოაგდეს ყველა დრონი და თორმეტი რაკეტა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის რუსეთმა ქვეყნის სამ რეგიონზე საჰაერო იერიშები მიიტანა, შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დაშავდა ორი ადამიანი, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. ამ ფონზე კი ბრიუსელმა უკრაინის ევროკავშირის ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ვოლოდიმირ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
“მინდა მადლიერება იმ გამოვხატო გუნდის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შრომობს. დღეს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს. ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის მოლაპარაკებების სტრუქტურა დაამტკიცა. ამისთვის სხვადასხვა დონეზე თავდაუზოგავად ვიბრძოდით. დამტკიცებული ჩარჩო განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცედურას. მოლაპარაკებები შემდეგ კვირაში დაიწყება. ეს ისტორიული მოვლენაა. უკრაინა ყოველთვის იქნება ერთიანი ევროპის ნაწილი,”- განაცხადა ზელენსკიმ.
გასული დღის განმავლობაში,უკრაინაში, რუსების თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.
რუსეთის სამიზნეში უკრაინის 14 ოლქი მოხვდა: ჩერნიგოვი, სუმი, ოდესა, მიკოლაივი, ლუგანსკი, ვინიცია, ლვოვი, ვოლინი, დნეპროპეტროვსკი, ივანო-ფრანკოვსკი, ზაპორიჟიე, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი.
გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქის
პოკროვსკის, ბახმუტისა და კრამატორსკის რაიონები. ქალაქ სელიდოვეში – 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის თავდასხმამ დააზიანა ხუთი მაღალსართულიანი შენობა, ექვსი სახლი და მანქანა. ტორეცკზე -მრავალჯერადი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მცხოვრები და დაშავდა 1, დაზიანდა 13 სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. სოფლებზე დრუჟბაზე, პივნიჩნესა და ნიუ-იორკზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში დრონი მანქანას დაეჯახა, შედეგად ქალი მძროლი დაიღუპა და კაცი დაშავდა.
გუბერნატორის, სერხიი ლისაკის, თქმით, რუსულმა ძალებმა რაკეტით დაარტყეს სურსათის საწყობს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰში, რამაც დააზიანა ათეული საწარმოს საწყობი. დაშავდა 2 კაცი. მისივე თქმით, რუსები, გასული დღის განმავლობაში, ნიკოპოლის რაიონს 15-ჯერ დაესხნენ თავს.
გუბერნატორმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ ხერსონში დაზიანდა სამი სახლი, მაღლივი შენობა და ადმინისტრაციული შენობა, რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
გუბერნატპრ, ივან ფედოროვის თქმით კი, ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.