მნიშვნელოვანისიახლეები

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს-დროისათვის კიდევ 24 მოქალაქეს ეძებენ

კობახიძის თქმით ვერტმფრენის გაჩერება ხდება ღამის პერიოდში

შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე კიდევ ერთი, მეთორმეტე ადამიანის იპოვეს დაღუპული. ინფორმაცია მედიას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დაღუპული ადამიანებიდან რამდენია ქალი, კაცი ან ბავშვი.

“[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება… ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად”, – თქვა მე-12 დაღუპულის აღმოჩენამდე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.
ბოლო მონაცემები 12 საათზე მეტია არ შეცვლილა – ნაპოვნია 12 დაღუპული და 24 ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა.

მისი თქმით, მხოლოდ ვერტმფრენის გაჩერება ხდება ღამის პერიოდში, რადგან ვერტმფრენს ღამით რელიეფიდან გამომდინარე სამუშაოების გაგრძელება გაუჭირდება. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო დეტალურ ინფორმაციას სამაშველო უწყებები ფლობენ.

“თქვენ იცით, რომ სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. ერთადერთი, საუბარი იყო ვერტმფრენთან დაკავშირებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი და აქ მხოლოდ ღამის ხედვაში არ არის საქმე, რელიეფის გათვალისწინებით ვერტმფრენებს გაუჭირდებოდა ამ პირობებში სამუშაოები გაგრძელება ღამის განმავლობაში. თუმცა, აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე ამ დეტალებში. არიან სამაშველო უწყებები, მაშველები და მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის რელევანტურობაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ დამატებითი რესურსების საჭიროება არ არსებობს, რადგან სამუშაოები სრულად არის უზრუნველყოფილი.

“ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, ვითომ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან იყო შეთავაზება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით უარი ვთქვით. როდესაც ასეთ ვითარებაში, ვიღაც ახერხებს სპეკულირებას, ეს უბრალოდ გამაოგნებელია და არ ვიცი ამას რა შეფასება უნდა მიეცეს. რაც შეეხება თვითონ სამაშველო სამუშაოებს და დამატებითი რესურსის საჭიროებას, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ყველა თვალსაზრისით, დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის, მაქსიმალური მობილიზაციაა, რაც შეეხება ტექნიკას, აქაც სრულად არის სამაშველო სამუშაოები უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას, ყველანაირი კუთხით ეს პროცესი უზრუნველყოფილია, მათ შორის, წყლით, საკვებით, პლედებით და ა.შ. დაზარალებული პირები საცხოვრისით არიან უზრუნველყოფილი. სამუშაოები სრულად არის უზრუნველყოფილი და არ დგას დამატებითი რესურსის საჭიროება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button