აგვისტოს ომის 16 წლისთავზე ოცნება და ,,ენმ,, კვლავ თარიღის შესახებ დაობენ

აგვისტოს ომის 16 წლისთავზე ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა კვლავ თარიღის შესახებ დაობენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან,დღეს პარლამენტის წევრები, თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგვისტოს ომის შესახებ, მანიპულაციებს აგრძელებს.
” მათი დაღვრილი სისხლი არის სისხლი, რომლითაც საქართველო თავის მომავალსაც იკვალავს. ეს მომავალი იქნება მშვიდობიანი, განვითარებაზე ორიენტირებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომტანი. უსაზღვრო მადლიერებით და დაუვიწყარი ხსოვნით ვართ ყველანი აღსავსენი.სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არ მთავრდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქართველოს შესახებ მანიპულაცია და ყველაფერში აისახება, ეს. თუნდაც ამ თარიღების გადატანა- გადმოტანაში. რატომ აკეთებენ ამას. თუ აქამდე იყო 8 აგვისტო, რატომ მოინდომეს 7 აგვისტო? ალბათ ბევრი რამეა გამოსაძიებელი კიდევ, თუ რა ხდებოდა აგვისტოს ომის წინ, რამაც ჩვენ მიგვიყვანა ამ ტრაგედიამდე, ვერ აგვაცილა რუსული აგრესია, დაგვაკარგინა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთმა სეპარატისტული რეგიონები, კანონგარეშე, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა და პერსპექტივა საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისა, წყალში გადაიყარა. ეს არის განგრძობითი, პოლიტიკური დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ნაციონალური მოძრაობა დღესაც აგრძელებს”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან გუშინ, 7 აგვისტოს იმყოფებოდნენ.
პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით, 2008 წელს რუსეთი საქრთველოში 7 აგვისტოს შემოიჭრა და ხელისუფლებას თარიღების შეცვლა, ქვეყნის დადანაშაულებისთვის სჭირდება.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41- ე ბატალიონის კაპრალი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე , 2008 წლის ომის დროს, ტყვედ ჩაიგდეს და სასტიკი წამებით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძეს გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა