მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიით დაზარალებული მევენახეების დახმარება კახეთში ჯერ არ დაწყებულა

კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა, რომლებიც მთავრობისგან 3 ათას ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ჯერ არ დაწყებულა – ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, დაზარალებული მოსახლეობის აღწერა, მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაიწყება.

” პირველ ეტაპზე, სწრაფად იყო მოსაგვარებელი დაზიანებული ყურძნის დაბინავების საკითხი და იცით, რომ მოსავლის მართვის კომპანია,” სამ ლოკაციაზე მოსავალს უკვე იბარებს. სულ მალე გამოქვეყნდება მთავრობის დადგენილება, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს გლეხების აღრიცხვაც და კომპენსაციის გადახდაც. ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ სრულად დაზარალებულ გლეხებზე და ვნახოთ, მოხვდებიან თუ არა, მათ შორის, შედარებით მცირე პროცენტით დაზიანებული მოსავლის პატრონები”- განაცხადეს სააგენტოში.

გლეხები, რომლებსაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მთავრობის ამგვარი მიდგომის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ვენახების მფლობელები თვლიან, რომ კომპენსაცია ყველამ უნდა მიიღოს.

“. ცოტა ნაკლები პროცენტით თუ დავზარალდი, დახმარება რატომ არ მჭირდება. ჩემს ვენახში მარცვალი სულ მიწაზე ეყარა, ვერც ჩავაბარებ და არც დაზღვეული მაქვს. იმდენი გადარჩა, რომ რაც მუშას და ტრანსპორტირებას უნდა მოვახმარო, ხარჯს ვერ დაფარავს. ვაზიც მისახედია, თანხა ხომ სჭირდება.ამიტომ კომპენსაცია, ყველას უნდა მისცენ”- თქვა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთმა დაზარალებულმა.

დღევანდელი მდგომარეობით, დასეტყვილ ყურძენს ” მოსავლის მართვის კომპანია,” ყვარლის, თელავისა და გურჯაანის ღვინის ქარხნებში იბარებს. მიღებული მოსავლით ქარხნები, სპირტის გამოხდას გეგმავენ.
რქაწითელის ჯიშის ყურძენი, 80 თეთრი, ხოლო საფერავის ჯიშის 1 ლარი ღირს.

ამ დროისათვის უკვე გადამუშავებულია 6200 ტონა ყურძენი. აქედან 4700 ტონა რქაწითელი, ხოლო 1500 ტონა საფერავია.

დასეტყვილი ყურძნის ქარხნებში მიღების პროცესი 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, სტიქია კახეთში 26 აგვისტოს მოვიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალდა რეგიონის 24 სოფელი.

გურჯაანში დაისეტყვა სოფლები ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, ველისციხე, ახაშენი, ძირკოკი, სულ 1070 ჰექტარი ვენახი. წინასწარი მონაცემებით, აქედან დაახლოებით 600 ჰექტარზე მეტი საფერავის ჯიშის ვაზია. ვაჩნაძიანში 170 შაშიანში 250, კალაურში 150, ვაზისუბანში 200, ველისციხეში 170, ახაშენში 100, ხოლო ძირკოკში 30 ჰექტარი დაისეტყვა.

თელავში დაისეტყვა სოფლები აკურა – 400 ჰექტარი, ვანთა – 100, ბუშეტი – 25, ქვემო ხოდაშენი – 80, წინანდალი – 200, კონდოლი – 150, სულ 955 ჰექტარი.

სეტყვამ ყვარელში 10 სოფელი დააზარალა, ჯამში 2000 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. შაქრიანში – 150 ჰექტარი, გრემში 100, ენისელში 350, ალმატში – 80, საბუეში – 300, შილდაში 150, ყვარელში – 200, სანავარდოში – 110, კუჭატანში – 45, გავაზში – 400, ბალღოჯიანში 110 ჰექტარი.

სულ სამივე მუნიციპალიტეტში, 4600 ჰექტარი ფართობია დასეტყვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button