სტიქიური უბედურების ზონა და 24 000-მდე დაღუპული-თურქეთსა და სირიაში სამაშველო ოპერაციები გრძელდება

სტიქიური უბედურების ზონა და 24 000-მდე დაღუპული – თურქეთ-სირიის საზღვარი ნანგრევებში დამარხული და დაკარგული სიცოცხლის ტრაგედიის ადგილია, – ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სურათი ყოველდღიურად მძიმდება. თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია. სამაშველო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს.
სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 513 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 166 -მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1 347 – სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მიწისძვრიდან 119 საათის შემდეგ, თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს.
მაშველებმა დღეს ნანგრევებიდან დედა-შვილი და ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს.
“ჩვენ ვაწვდით საკვებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს. ყველას დავეხმარებით რამდენადაც ეს შეგვიძლია. ჩვენს საზოგადოებას ყველაფრის გადატანა შეუძლია, როცა მათ ესმით სიტუაციის სიმძიმე. ჩვენ ძლიერი ერი ვართ,”- აცხადებს მოხალისე მაშველი მარ ფარუკი.
ასევე, სტიქიის ზონაში ათეულობით ქართველი მაშველი იმყოფება და მათ სახელზე უკვე არის რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლე.
ბოლო დღეებში, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგოც, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 4 მოქალაქე.
მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.
7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები, რომლის ცენტრი კაჰრამანმარასის პროვინციაში იყო, 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის ადანაში, ადიამანში, დიარბაკირში, გაზიანთეპში, ჰატაიში, კილისში, მალატიაში, ოსმანიეში და შანლიურფაში.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტის (AFAD) ცნობით, ამჟამად ადგილზე 166 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.
AFAD-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის ევაკუირებულია თითქმის 92 700 ადამიანი.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.