ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

სტრასბურგის სასამართლოს წერილის ორი ინტერპრეტაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ქმედება დროის მოკლე მონაკვეთში განიხილება. ასევე, ევროსასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა და მოუწოდებს მესამე პრეზიდენტს, შეწყვიტოს შიმშილობა.

“სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ამ წუთისთვის მე-18 დაწესებულებაში”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, ხოლო სააკაშვილს “უბრალოდ მოუწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისაკენ.”

იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა ხელისუფლებას, მისი ადეკვატური რეაბილიტაცია და მკურნალობა, ისევე როგორც უსაფრთხოება, იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.

“ჩვენ დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამია აღნიშნავს იმასაც, რომ 24 ნოემბერს ეს ინფორმაციები კიდევ ერთხელ შეჯერდება და მაღალი ალბათობით, სტრასბურგის სასამართლო კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.

ადვოკატების განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი უკვე საერთაშორისოდ აღიარებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება ადეკვატურ მკურნალობაში, თუმცა, როგორც გვარამია განმარტავს, ეს უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული და მას აქვს დავალებული გადაწყვეტილების აღსრულება, ანუ “ადეკვატური და მაღალი ხარისხის მკურნალობა.”

გვარამიას თქმით, ევროსასამართლომ სახელმწიფოს შეიძლება პირდაპირ არ მიუთითა კერძო კლინიკაში გადაყვანის საკითხი, თუმცა მიუთითა ის მაღალი სტანდარტი, როგორც უნდა წარიმართოს მკურნალობა. 

“რა თქმა უნდა, ცხადია გვერჩივნა, რომ პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება”, – ამბობს გვარამია.“რა თქმა უნდა, ცხადია გვერჩივნა, რომ პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება”, – ამბობს გვარამია.

სტრასბურგის გადაწყვეტილების განსხვავებული ინტერპრეტაცია გამოაქვეყნა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

როგორც მინისტრი აცხადებს, მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.

რა წერია სტრასბურგის წერილში:

“გწერთ, რომ გაცნობოთ, 2021 წლის 10 ნოემბერს, სააკაშვილმა ზემოაღნიშნული განცხადება შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე.

სასამართლოს წინაშე განხილვისას განმცხადებელს წარმოადგენენ ქ-ნი თ. მურადაშვილი და ბ-ნი დიმიტრი საძაგლიშვილი და ბ-ნი ბექა ბასილაია, ადვოკატები თბილისში.

გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების შესახებ:

2021 წლის 10 ნოემბერს, სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და მის წინაშე წარმოების სათანადოდ წარმართვა, რათა მომჩივანმა შიმშილობა შეწყვიტოს(იხილეთ, მაგალითად, llaşcu and Others v. Moldova and Russia (GC), no, 48787/99, $11, ECHR 2004 VII).

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სასამართლოს განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაის (ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ), მათ უნდა უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება ციხეში და გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სახელმწიფოს მიერ 39-ე წესით მითითებული ღონისძიების შეუსრულებლობამ, შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.

ამასთან დაკავშირებით, იხილეთ 2005 წლის 4 თებერვლის დიდი პალატის გადაწყვეტილების 128-ე და 129-ე პუნქტები საქმეზე Mamatkulov and Askarov v, Turkey (განცხადებები №46827/99 და 46951/99), ასევე მე-5 პუნქტი. ოპერატიული ნაწილი

პრიორიტეტი

სასამართლომ გადაწყვიტა პრიორიტეტი მიანიჭოს საჩივარს 41-ე წესის შესაბამისად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე მხარისგან მოითხოვოს ინფორმაცია სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით მითითებულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯების შესახებ.

შესაბამისად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ეს ინფორმაცია 2021 წლის 24 ნოემბრამდე

ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გადაეგზავნება მეორეს ინფორმაციის ან კომენტარისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.”

მსგავსი პოსტები

Back to top button