სტრასბურგმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, „რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედიაორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).
სასამართლომ საქმეს „მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე“ საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა. „ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიცირებაც. აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ქართულ ოცნებას“ კი ამ აქტით “რუსული კანონის” შენიღბვა სურს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები (Kobaliya and Others v. Russia, No. 39446/16 და 106 სხვა) (Ecodefence and Others v. Russia, Nos. 9988/13 და 60 სხვა) ნათლად ადასტურებს თუ როგორ გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონები ქვეყანაში დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად, რომელიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.
აღსანიშნავია, რომ საქმის გაგზავნის დღიდან „ქართული ოცნების” პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საფოსტო გზავნილის ამონაწერი გავასაჯაროვეთ, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მასზე სასამართლოს ხელმოწერა არ ჩანდა. საქმის რეგისტრაციის შემდეგ პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა სხვადასხვა პროცედურული საკითხით მანიპულირებით გააგრძელეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უმაღლესი თანამდებობის პირები დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერებას.
„რუსული კანონი” არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. რუსული კანონებისა და ცენზურის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანონის გაუქმებას ქვეყნის შიგნით მასშტაბური, ხანგრძლივი აქციებით მოითხოვდნენ მოქალაქეები, შემდგომ პროცესები სასამართლოში გადავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკოსებმა და მედიამ რუსული კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს, მაგრამ სასამართლომ კანონის მოქმედება არ შეაჩერა.
ამასთან, ოცნების მიერ დამტკიცებული კანონი საერთაშორისო დონეზე დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ რეგულაციადაა შეფასებული და მის გაუქმებას ოლიგარქის ხელისუფლებისგან მოითხოვს ამერიკა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შემდეგი უფლებების დარღვევებზე დავობენ:
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი);
უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლი).
საიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
მანამდე, 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე.
4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერში, რომელიც 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სასამართლო წერს:
„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.
ამასთან, 2025 წლის 24 მარტს, „ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა სარჩელი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, – გასაჩივრებული ჰქონდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, – საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოიწვია.
ამასთან, 2025 წლის 24 მარტს, „ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა სარჩელი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, – გასაჩივრებული ჰქონდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, – საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოიწვია.