“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
როგორც პროკურორი მარი მეშველიანი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა და მან კომისიაზე გამოცხადებაზე უარი შეგნებულად, მიზანმიმართულად განაცხადა.
მეშველიანის თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული გულგრილია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. ამასთან, როგორც მეშველიანი აღნიშნავდა, ვაშაძეს კავშირები აქვს საზღვარგარეთ და ის საქართველოს საზღვარს ხშირად კვეთს.
პროკურორის თქმით, მათ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლით დაასკვნეს, რომ 50 000-ლარიანი გირაო არის ის თანხა, რომლის გადახდასაც ის შეძლებს.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმე პოლიტიზებულია და ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.
ბექა ბასილაიას განმარტებით, ვაშაძეს უწყება გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ჩაჰბარებია, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა კი ჩაბარებად არ ითვლება.
ამასთან, ბასილაიას თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს.
სიტყვით ისარგებლა გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქმე პოლიტიზებულია და ის არსად მიმალვას არ აპირებს. ვაშაძის თქმით, სასამართლო ახლა ტესტს აბარებს, ასრულებს თუ არა ის დაკვეთებს და შეასრულებს თუ არა ის სრულად პროკურატურის მოთხოვნას.
ე.წ. სასამართლომ ე.წ. პროკურატურის პოზიცია, რა თქმა უნდა, 100%-ით გაიზიარა იმიტომ, რომ მოსამართლე არის უუფლებო – კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს, შემეცოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „რეჟიმის“ მხრიდან ყოველი ნაბიჯი ოპოზიციას მხოლოდ აძლიერებს და აერთიანებს.
„ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი და ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით. მე ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, გვქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები და რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი, კიდევ ერთი ხაზი და ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე ისე, როგორც სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა 15 აპრილს დაიბარა დაიბარა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეა. თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ოპოზიციონერი ლიდერებიდან სხდომაზე მხოლოდ გიორგი გახარია მივიდა (პარტიის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი), სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო.
ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი).
ამ ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.