სწავლება დისტანციურად და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეები კახეთში

9 წლის გიორგი, თელავის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა.
კორონა ვირუსის პანდემიის დაწყებისა და სწავლების ონლაინ რეჟიმში გადასვლის შემდეგ, თანაკლასელებთან ერთად, მეცადინეობის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
გიორგის დედა, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ოჯახს ინტერნეტი არ აქვს და ამის გამო, სწავლის პროცესში ვერ ერთვება.
“ფაქტობრივად, სასწავლო პროცესში ვერ ვმონაწილეობთ. ინტერნეტი არ გვაქვს და არც შესაძლებლობა, რომ სახლამდე მივიყვანოთ. ძალიან ვწვალობთ, ხან ტელეფონით ვიწერთ დავალებას, ხან მასწავლებელს ვეკონტაქტებით, მაგრამ ეს არ არის მეცადინეობა და განათლების მიღება. ერთ მთლიან პროცესს, ფაქტიურად გათიშულები ვართ” – ამბობს მშობელი.
რადიო ჰერეთისათვის ცნობილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, ონლაინ -სწავლების რეჟიმით ვერ სარგებლობს.
თელავის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხემძღვანელი, ლევან მრელაშვილი, მედია საშუალებებს არ პასუხობს. კომუნიკაცია მასთან შეუძლებელია, როგორც მობილურის, ასევე სამსახურის ოფიციალურ სატელეფონო ნომრებზეც.
პრობლემის არსებობას აღიარებენ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ჩიკვაიძე, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მოსწავლეების დაახლოებით 10%- ს პრობლემა რეალურად აქვს.
“ჩვენთან 6 ათასი მოსწავლეა და დაახლოებით, 10%- ს პრობლემა მართლაც აქვს. მიზეზი, უმთავრესად, ინტერნეტის არქონაა. მაგალითისათვის, შემიძლია დაგისახელოთ სოფელი გიორგეთი, სადაც ერთ უბანში, ინტერნეტი ვერ შეჰყავთ. მასწავლებლები ცდილობენ, კომუნიკაცია იქონიონ, ბავშვებთან, მშობლებთან. ვერ გეტყვით, რომ ეს ადვილი პროცესია, მაგრამ რეალობა ასეთია”- განაცხადა ჩიკვაიძემ.
საჯარო სკოლების 182 მოსწავლე ვერ სარგებლობს ონლაინ -სწავლების რეჟიმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ პრობლემა არსებობს, როგორც სოფლების, ასევე ქალაქის სკოლებშიც.
” სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი შემთხვევები. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ყველას, სატელეფონო კომუნიკაციით, მშობლებთან ურთიერთობით. თუმცა, ეს პროცესი, სრულყოფილი, ბუნებრივია, ვერ იქნება”- განაცხადა მინდიაშვილმა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, სრულად დისტანციურ სწავლებაზე, განათლების სამინისტრომ, პირველ ეტაპზე, მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები გადაიყვანა.
დეკემბრის დასაწყისში, კი, რეგიონის ყველა საჯარო სკოლამ, სწავლება ონალინ რეჟიმში გააგრძელა.
სასწავლო წლის პირველი სემესტრი, სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში დასრულდება.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი