კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება

უკიდურესად მძიმეა ოთხი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ოთხივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ორი კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ნუგზარ ლაფაურის განმარტებით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობა ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან არიან.
” პაციენტების უმრავლესობა შემოდის გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან. ამჟამად 32 პაციენტს ვმკურნალობთ და აქედან ოთხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გაზრდილია მომართვიანობაც და გატესტილი მოქალქეების 10- 15%- ის პასუხი დადებითია. მოხარულები ვართ, რომ გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია, ბოლო დროს”- განაცხადა ლაფაურმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ოთხი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, სდაც პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ყველაზე რთული მდგომარეობა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია, სადაც ადგილები ფაქტობრივად აღარ არის.
ამ ეტაპზე, რეგიონში არ მუშაობს არცერთი კოვიდ სასტუმრო, სადაც კორონა ვირუსის პირველი და მეორე ტალღის დროს მსუბუქი პაციენტები გადაჰყავდათ.
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აცრის სპეციალური კაბინეტების მოწყობის მიუხედავად, რეგიონში ნელა მიმდინარეობს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესიც.