სტუდენტებმა ლექციის დასრულების შემდეგ კობახიძეს რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა
კობახიძემ ახალგაზრდებზე კიდე ერთხელ თქვა რომ მათ "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ"

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუნდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში დღეს ცხრილის მიხედვით ერთი ლექცია უნდა ჩაეტარებინა დილის 10:00 საათზე. მას შემდეგ, რაც დაცვამ დერეფანში პროტესტისთვის მისული რამდენიმე სტუდენტი და ჟურნალისტი შენიშნა, კობახიძემ უკვე დაშლილი სტუდენტები ხელახლა შეკრიბა და კიდევ ერთი ლექცია ჩაატარა.
ლექციიდან გამოსვლის შემდეგ მასთან მივიდა სტუდენტი, რომელსაც სურდა კობახიძეს ავტოგრაფი დაეტოვებინა რუსული რუბლის ასლზე, დაცვამ ის გვერდზე გასწია, რის შემდეგაც სტუდენტმა კიბეზე ჩასულ პარლამენტარს რუსული რუბლები კიბის მოაჯირიდან გადაუყარა.
“ირაკლი კობახიძე სტუდენტებს საკუთარი კონსტიტუციის შესახებ დაწერილი წიგნით ასწავლის კონსტიტუციის ისტორიას, სინამდვილეში კი ის რუსული რუბლებით ურეცხავს ტვინს ახალგაზრდებს”, – უთხრა პროტესტის მონაწილე სტუდენტმა რადიო თავისუფლებას. ის შიშობს, რომ ეს პროტესტი შეიძლება მისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის საფუძველი გახდეს, რის გამოც გვარისა და სახელის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტში “რუსულ კანონად” შერაცხულ კანონს “უცხოეთის აგენტების შესახებ”. რუსული კანონის პროტესტის პარალელურად, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი 11 მარტსაც მოუწყვეს და აუდიტორიასთან გააკრეს ბანერები წარწერით – “ღალატს ვერ გამოითხოვ!”, “მომავალს ვერ წაგვართმევ”, გადადებული საქმე ეშმაკისაა”. ასევე, აუდიტორიასთან დატოვეს კობახიძის წიგნები წარწერებით – “მტრის არ მგმობი მოღალატეა” და ა.შ. კობახიძე ამ დღეს უნივერსიტეტში არ მისულა.
შეგახსენებთ, მსგავსი პროტესტი სტუდენტებმა კობახიძეს ლექციაზე მაშინაც გამოუცხადეს, როდესაც მან რუსულ კანონს დაუჭირა მხარი. მაშინ მას იმ აუდიტორიის კარზე, სადაც ლექციას ატარებდა, საპროტესტო წარწერები დაახვედრეს.
ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსული და იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში, მოსული იყო რამდენიმე ფორმულასთან აფილირებული ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი კობახიძემ ტერმინი – “ორიენტაციაარეული” მარტის აქციების შემდეგაც გამოიყენა და ამ სიტყვით მან ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ახალგაზრდები, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ არიან დაკავშირებული, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ პარლამენტის წინ გამართული აქციიდან.