რეგიონი

“კაცს მოსავალი უხმებოდა, წყალი თავისი ძალებით მიიყვანა და საჯარიმო ოქმი შეუდგინეს”

“კაცს მოსავალი უხმებოდა, წყალი თავისი ძალებით მიიყვანა და საჯარიმო ოქმი შეუდგინეს”- კახელი ფერმერები სარწყავი წყლის სამართლიან განაწილებას ითხოვენ.

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგება დასრულდა.
სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ ჩაატარა.

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სარწყავი წყლის პრობლემა კახეთში ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტუალურია.
სარწყავ სეზონზე ფერმერები და გლეხები წყლის დეფიციტზე მუდმივად ჩივიან და ხშირად, მოყვანილი მოსავალი უხმებათ.
ფერმერები ამბობენ, რომ სარწყავი წყალი სამართლიანად და ორგანიზებულად უნდა გადანაწილდეს და მისი გამოყენება ყველამ შეძლოს.

“სარწყავი არხის მოწესრიგება კარგია, მაგრამ წყლით ყველამ უნდა ისარგებლოს, მხოლოდ ერთეულებმა კი არა. ზოგიერთმა ჰექტრობით მოსავალი მოიყვანოს და ზოგს ყველაფერი გადაუხმეს, ეს ხომ სწორი არ არის? არის ხალხი, ვინც გავლენებით სარგებლობს და სარწყავ სეზონზე, განსაკუთრებით, გვალვის დროს არხები პირდაპირ საკუთარ ნაკვეთებში აქვთ მიშვებული”- ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სარწყავ სეზონზე, სასამართლოებში ათეულობით საქმე, უკანონო წყალსარგებლობის ფაქტზე, მართლაც შედის.
უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო ფერმერებს აჯარიმებს, თუმცა არის ისეთი ფაქტებიც, როდესაც მოსამართლეები, გვალვის დროს საკუთარი ძალებით ნაკვეთებში წყლის მიყვანას, მფლობელებს დარღვევად არ უთვლიან.

” იყო შემთხვევა, კაცს ასობით ჰექტარი მოსავალი უხმებოდა, წყალი თავისი ძალებით მიიყვანა. მოსავალი მაინც ვერ გადაარჩინა და უკანონო წყალსარგებლობისათვის საქმე სასამართლოში იყო. მოსამართლემ დაჯარიმება სწორად არ ჩათვალა და დაზარალებული ადამიანი, კიდევ უფრო არ დააზარალა”-ყვება ფერმერი.

საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ქვემო ალაზნის სარწყავმა არხმა წყლის მიწოდება 4500 ჰექტარ ფართობზე უნდა გააუმჯობესოს.
დღეს მოქმედი ტარიფით, 1 ჰექტარი ფართობის მორწყვა, 75 ლარი ღირს.

მსგავსი პოსტები

Back to top button