სუროგატული დედის მშობიარობა და საკეისრო კვეთა აღარ დაფინანსდება – მთავრობა

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალი მცირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 29 თებერვალს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობს დაფაროს სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯი.
შესაბამისი ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს სუროგაციის გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500 თუ იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
ამ დრომდე ამ სერვისის დაფინანსებაზე სახელმწიფოს არ ჰქონდა გამონაკლისები დაწესებული. მშობიარობის დაფინანსების ახალი წესი კი მისი მიღების მომენტიდანვე მოქმედებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამოქმედდა. წესები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეს ჯანდაცვის სერვისები უფინანსდება, 2013 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა მთავრობამ მას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
გასულ წელს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუროგაციის შესახებ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. მთავრობას სურდა, რომ საქართველოში სუროგაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, ეს ცვლილება კი, მათ შორის, ბავშვის უსაფრთხოების საკითხებით ახსნეს.
შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.