სუს-ი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. ერთ-ერთი თემა, რითაც გამომძიებლები ინტერესდებიან, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების ინიციატივას უკავშირდება. ამ იდეით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი გამოვიდა, თუმცა სუსში გამოკითხვაზე ის ამ დრომდე არ დაუბარებიათ. სამაგიეროდ, უწყებაში სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოძახება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
სუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე დააფიქსირეს. თუმცა, ამირან გიორგაძე მედიასთან არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “გეირათის” თავმჯდომარე ზუმრუდ ყურბანოვმა დატოვა, რომლის ადვოკატი ქამრალი ანჯიოღლი ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეც შენიშნა.
“გაუთქმელობას მოვაწერე ხელი. შემიძლია გითხრათ, რომ გამომძიებლები პროფესიონალები არიან და გამოძიება მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. გამოკითხვა 2 საათს გაგრძელდა, მაგრამ შეკითხვების შესახებ ვერ ვისაუბრებ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცველებს სიტუაციის გარკვევა სურთ ობიექტურად. მიმაჩნია, რომ ის, რაც ხდება, არის მართული. შუღლს ვგულისხმობ. მგონია, რომ ამის უკან დგანან რუსეთის სპეცსამსახურები. მათ სურთ ურთიერთობების დაძაბვა. ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო ბევრს არ აწყობს.” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, “ატა ჰოლდინგის“ დირექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “გეირათის” თავმჯდომარემ, ზუმრუდ ყურბანოვმა.
გამოკითხვაზე შევიდა ასევე, ”ბერჩალი ირილოს” საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარე მაჰაბატ იმანოვიც. იმანოვმა საგამოძიებო უწყებაში შესვლის წინ განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვები ორ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა.
“რამდენიმე დღის წინ დამირეკეს სუსიდან, მითხრეს, რომ 2 საკითხთან დაკავშირებით სურდათ ჩემი დაკითხვა. ერთი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას უკავშირდება, მეორე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს. ბოლო დროს გარკვეული ჯგუფები ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებული ურთიერთობების დაძაბვას ცდილობენ.” – აცხადებს “ბერჩალი ირილოს” საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარე მაჰაბატ იმანოვი.
ადვოკატ ალი ბადიროვის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებში ეთნიკურად აზერბაიჯანელების მხრიდან რაიმე რასობრივი დისკრიმანციის დანაშაული არ იკვეთება.
“აზერბაიჯანულ სამყაროში ეს ისე აღიქმება, თითქოს ნარიმან ნარიმანოვის მიმართ არის პრეტენზია იმიტომ, რომ ის არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. არგუმენტად ყველა აზერბაიჯანელს მოჰყავს სტალინის ძეგლის საქართველოში არსებობა.” – ამბობს ალი ბადიროვი.
მოისმინეთ ალი ბაიდაროვის ხმა.