სუს-ის ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გახდა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა.
ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შს მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო ორად და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.
უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება:
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.