რუსეთის პრეზიდენტმა „ვაგნერსა“და რუსეთის არმიას ბახმუტის „გათავისუფლება“ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის „გათავისუფლება“ მიულოცა, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი არტიომოვსკის სახელით მოიხსენიებს.
კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა მიულოცა „ვაგნერის“ რაზმებს, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ბახმუტის „გათავისუფლების ოპერაციის დასრულება“. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს რუსეთის ხელისუფლება „არტიმოვსკის“ სახელით მოიხსენიებს.
კრემლის ცნობითვე, ყველა, ვინც ბახმუტის ბრძოლაში გამოირჩეოდა, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სერგი ნიკიფოროვმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაადასტურა რუსული ძალების მიერ ქალაქ ბახმუტის დაკავება. „ჟურნალისტის შეკითხვა: რუსებმა განაცხადეს, რომ ბახმუტს აიღეს. პრეზიდენტის [ზელენსკის] პასუხი: ვფიქრობ, არა. ამდენად, პრეზიდენტმა უარყო ბახმუტის აღება“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებებს ბახმუტის აღების შესახებ სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს.
“აღმოსავლეთ ბახმუტის ბოლო რამდენიმე საქალაქო ბლოკი, რომლებიც პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის ძალებმა დაიპყრეს, არ არის მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან ოპერატიული თვალსაზრისით.
მათი დაკავება არ აძლევს რუსეთის ჯარებს ოპერატიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას, რათა გააგრძელონ შეტევითი ოპერაციები ან ძლიერი პოზიცია დაიკავონ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა უკრაინის შესაძლო კონტრშეტევებისგან დაცვა”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
გუშინ, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. ამის შესახებ პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის თქმით, ვაგნერის ხელმძღვანელის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ახლა ბახმუტის დასაცავად იბრძვიან.