,,სუს-მა უნდა გაასაჯაროვოს, რომელი ორგანიზაციები იღებენ რუსულ დაფინანსებას“ – სერგი კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ კონკრეტული ორგანიზაციები მოსკოვიდან ფინანსურ დახმარებას იღებენ, თუმცა კაპანაძის თქმით, კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებზეა საუბარი, უწყებისგან პასუხი ვერ მიიღო.
როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული უნდა იყოს.
,,მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. ეს არ არის თემა, რომელიც უნდა დახუროს სუს-მა ან პარლამენტის კომიტეტმა“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა საკანონმდებლო დონეზე ისე უნდა შეიზღუდოს, რომ არ დაირღვეს სიტყვის თავისუფლების პრინციპი.
,,აქ არის საუბარი იმაზე, რომ [ქართული] სახელმწიფოს ფული არ მიდიოდეს ამ ორგანიზაციებზე და რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ჰქონდეთ საშუალება, აქტიურად გამოიყენონ თავისი პროპაგანდისტული საშუალებები“, – აღნიშნა სეგი კაპანაძემ.
მისი თქმით, კონკრეტულად რა ინიციატივები წარედგინება პარლამენტს, მას შემდეგ გადაწყდება, რაც საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები ჩერთვებიან.
მოისმინეთ სერგი კაპანაძის ხმა.